შემოდგომის ბათუმი სავსეა პოზიტიური ვიბრაციებით. მოგზაურთათვის ოპტიმიზმის საფუძველი ქალაქის სუბტროპიკული ჰავაა. შემოდგომის ბათუმი თბილი და მზიანია, ფოთოლცვენა გვიან იწყება, ამიტომ ეს ორი თვეც თამამად შეგვიძლია ზაფხულს მივათვალოთ. წყალი ისევ თბილია, თუმცა თუ ზღვაში ბანაობისთვის არა ხარ განწყობილი, გართობისა და დასვენების სხვა ბევრ საინტერესო ფორმას გთავაზობთ.
სახმელეთო გართობა
ველოსიპედი
რითი დაიწყო დღე? შემოდგომის ბათუმში ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს – ველოსიპედით. ბულვარის ველობილიკი 7 კილომეტრი სიგრძისაა, ხოლო ველოსიპედების არჩევანი მრავალფეროვანი – ბათუმი ველო, 2 და 4 ადგილიანი ველოსიპედები. ფასი 5 ლარიდან იწყება
ელექტრო მოპედი
არ გინდა ველოსიპედი? მაშინ ელექტრო მოპედი დაიქირავე – მშვიდი, კომფორტული და სახალისო გასეირნება გელის
სკეიტ პარკი
ჩვენ სკეიტის მოყვარულებზეც ვიზრუნეთ. რატომაც არა! სპეციალურად მოწყობილი სივრცე თანამედროვე გოგო-ბიჭების საყვარელი ადგილია
უფასო ტრენაჟორები
თუკი ვარჯიში შენი ყოველდღიურობაა და ტონუსის შენარჩუნება მუდმივი ამოცანა – ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ. ბულვარში ტრენაჟორების რამდენიმე ნაკრებია განთავსებული. ასე რომ, ივარჯიშე უჩვეულო ადგილას, თანაც უფასოდ
ატრაქციონები
ბათუმის ცენტრალური პარკი დიდებისა და პატარების თავშეყრის ადგილია. ატრაქციონების ფასი 1 ლარიდან იწყება
ყინულის სასახლე
ამ თეთრ და გრილ სივრცეში წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო ატმოსფეროა. შეგიძლია მოყვარულ მოციგურავეთა ჯგუფს შეუერთდე ან ინდივიდუალურად განიტვირთო. სრიალი არ იცი? მწრთვნელები გასწავლიან, სახლში დაბრუნებული კი მეგობრებს გააოცებ. 30 წუთი – 3 ლარი.
მისამართი: ლ. ასათინის ქ. #27
საჰაერო გართობა
ანბანის კოშკი
130 მეტრ სიმაღლეზე ადიხარ ლიფტით, იქ კი მბრუნავი რესტორანი გხვდება. 1 საათს მაინც უნდა გაჩერდე, რომ რესტორანმა სრული წრე შეასრულოს და თავბრუდამხვევ ხედებს კოშკის მწვერვალიდან გადახედო
ეშმაკის ბორბალი
პანორამულ ბორბალს 55 მეტრ სიმაღლეზე ღია გონდოლით აყავხარ. ფასი 5 ლარი
საბაგირო არგო
თუ ღიას დახურულ გონდოლას ამჯობინებ, საბაგირო გზაზე უნდა გაისეირნო. ქალაქიდან მთაზე ასვლას 10 წუთი სჭირდება.
ფასი 1 ადამიანისთვის – 15 ლარი.
დელტაპლანი
თუ თავად გინდა იფრინო, გულისცემის აჩქარება გარანტირებულია დელტაპლანით გასეირნებისას. ფასი 50-100ლარი
საზღვაო გართობა
ზღვაში იახტით
როგორია ნამდვილი შემოდგომის განცდები? იახტით ზღვაში გასეირნების მსგავსი, როცა ბოლომდე შეიგრძნობ უსაზღვრო სივრცეს – სავსეს მზის სხივებით, სიმშვიდითა და აღმაფრენით
ნავით ტბაზე
თუკი თავად გინდა მცურავი საშუალება მართო, ნურის ტბაზე ნავის კაპიტნობა მოსინჯე
აუზი
თუ წყალში განტვირთვა შენთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება არდადეგებზეც გსურს – ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზს მიაშურე. ბათუმი პლაზაში 10 დღიანი ტურისტული აბონემენტის ფასი 100 ლარია. ღიაა 07:00-დან 23:00 საათამდე
შენს გამოცდილებას ხომ შენივე არჩევანი განაპირობებს, ამიტომ გამოიყენე ეს გზამკვლევი “ბედნიერი საათისთვის”. და გახსოვდეს, საქართველოში “სტუმარი ღვთისაა”.
წყარო: GoBatumi