შემოდგომის დადგომასთან ერთად, კომფორტული ამინდი დუბაიში დასვენებისა და თავგადასავლების ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ქალაქი სრულად ავლენს თავის ხიბლს: თეთრქვიშიანი პლაჟები, ფერადი ბაზრობები, მომაჯადოებელი თემატური პარკები და თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟები შემოდგომაზე, დუბაიში არა მარტო დასვენებას შეძლებთ, არამედ საინტერესო თავგადასავლებსაც იპოვით და კულტურულ აღმოჩენებსაც გააკეთებთ.

დუბაის პარკები და კურორტები

Dubai Parks and Resorts დიდი გასართობი კომპლექსია, რომელიც სამ სასტუმროს, წყლის პარკს, უამრავ მაღაზიასა და რესტორანს მოიცავს. ყველაზე მიმზიდველი აქ სამი თემატური პარკია: Motiongate, ყველაზე დიდი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ცნობილ ჰოლივუდურ ფილმებს ეძღვნება; Legoland, იდეალურია Lego-ს მოყვარულთათვის, სადაც წარმოდგენილია კუბიკების სტილის ატრაქციონები, მათ შორის MINILAND სინათლის შოუ და ლეგოს ქარხნის ტური; და Real Madrid World, ერთადერთი პარკი მსოფლიოში, რომელიც მადრიდის რეალის საფეხბურთო კლუბს ეძღვნება, გამორჩეულია უნიკალური ატრაქციონებით, (როგორიცაა, მაგალითად, ხის ატრაქციონი Hala Madrid და 140 მეტრიანი Stars Flyer კარუსელი).

ალ ფაჰიდი

ალ ფაჰიდის კვარტალი დუბაიში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცოცხალი ადგილია, რომელიც დუბაის კრიკის გასწვრივ მდებარეობს. სტუმრები ტრადიციული არაბული ქალაქის ატმოსფეროში ჩაიძირებიან. ქარის კოშკებით მორთული ვიწრო ქუჩები და მარჯნის ქვის შენობები ქალაქს ავთენტურ იერს უნარჩუნებენ, ვიდრე დუბაი თანამედროვე მეგაპოლისად გადაიქცეოდა. ალ ფაჰიდის გავლით, თქვენ არა მხოლოდ წარსული ეპოქის სულს იგრძნობთ, არამედ ბევრ მომხიბვლელ ადგილს ნახავთ. აქ გაეცნობით ტრადიციულ არქიტექტურას, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ სახლებს, რომელთა უმრავლესობა ახლა უკვე მუზეუმებად, გალერეებად და კულტურულ ცენტრებადაა გადაკეთებული.

კვარტალთან ახლოს, ალ ფაჰიდის ციხესიმაგრეში, დუბაის მუზეუმი მდებარეობს, სადაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ საამიროს ისტორიას გაეცნონ. ალ ფაჰიდი ასევე ცნობილია თავისი სამხატვრო გალერეებით, სადაც წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო მხატვრების ნამუშევრები.

მათ, ვისაც მეტი სურს შეიტყოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების კულტურისა და ტრადიციების შესახებ, შეიხ მუჰამედის კულტურული ურთიერთგაგების ცენტრი სთავაზობს ტურებს და სამზარეულოს ადგილობრივი ცხოვრების უკეთ გასაცნობად. ცოტა მოშორებით, ძველ ბაზრებზე ხელნაკეთი საქონელი, ქსოვილები და სხვადასხვა სანელებლები იყიდება.

დუბაის ბაზრები

დუბაის ტრადიციული ბაზრები უნიკალურ შესაძლებლობას ქმნიან რეგიონის კულტურული მემკვიდრეობასა და ტრადიციულ არაბულ ვაჭრობას გაუგოთ და ფერების, სუნების და ბგერების მდიდარი სამყარო შეიგრძნოთ.

ოქროს ბაზარი (Gold Souk) თავისი სამკაულებითაა ცნობილი, ხოლო ტექსტილის – (Textile Souk) ქსოვილებისა და ტექსტურების სამოთხეა. აქ შეგიძლიათ იპოვოთ აბრეშუმი, ქიშმირი, ბამბა და ტრადიციული არაბული სამოსი, ფერადი შარფები და ნაქარგი ქსოვილები. მაღაზიები სამკერვალო მომსახურებას ადგილზევე გაგიწევენ.

სუნელების ბაზარი (Spice Souk) გრძნობების ნამდვილი დღესასწაულია, ჰაერი სავსეა ზაფრანის, კარდამონის, დარიჩინის და სხვადასხვა მწვანილისა და სანელებლების არომატით. სტუმრებს შეუძლიათ იყიდონ იშვიათი სანელებლები, სცადონ სურნელოვანი ზეთები, საკმეველი და ჩირეულობა.

სუნამოების ბაზარი (Perfume Souk) სურნელების მოყვარულთა საგანძურია, რომელიც კლასიკურ აღმოსავლურ სუნამოებს და უნიკალურ ნარევებს გთავაზობთ, რომლებიც დამზადებულია ტრადიციული არაბული რეცეპტების გამოყენებით. ბაზარში სეირნობისას შეგიძლიათ ისუნთქოთ უდის, ჟასმინის, ვარდისა და მუშკის მდიდარი სურნელი. ბევრი მაღაზია საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალური სუნამოები შექმნათ, პარფიუმერიის ოსტატები საბაზისო ნოტების არჩევაში გეხმარებიან და მათ იშვიათი ზეთებითა და ესენციებით ავსებენ.

ჰატტა

ჰატტა Hatta თვალწარმტაცი მთის სოფელია, რომელიც ჰაჯარის მთებში მდებარეობს, დუბაიდან სულ რაღაც 130 კილომეტრში. ეს პოპულარული ადგილი ქალაქიდან მოშორებით, ბუნებაში განმარტოებასაც და აქტიურ თავგადასავლებს თანაბრად გთავაზობთ. ჰატტას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა კაშხალია, ხელოვნური ტბა, რომელიც დიდებული მთებითაა გარშემორტყმული, სადაც მნახველებს შეუძლიათ მშვიდ გარემოში, ნავებით ან კაიაკებით გაისეირნონ.

აქტიურ მოგზაურებს შეუძლიათ ჰატტა დალაშქრონ, ველოსიპედით გაისეირნონ ბილიკებზე და ვარსკვლავების ქვეშ დაბანაკდნენ. სოფელს მდიდარი კულტურა და ისტორია აქვს. კულტურული კომპლექსი Hatta Heritage Village რეგიონში ერთ-ერთი უძველესია, რაც გვაწვდის ინფორმაციას ადგილობრივების ცხოვრების ტრადიციული წესის შესახებ, ხოლო მისი აღდგენილი შენობები და ციხესიმაგრეები ისტორიულ წარსულს აცოცხლებენ.

ჰატტას მოსანახულებლად შემოდგომა იდეალური დროა, სადაც სათავგადასავლო სეზონი 1 ოქტომბერს იწყება: გრილი ამინდი გარე აქტივობებისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის და ჰატტას განსაკუთრებით მიმზიდველობას მატებს ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის.

ალ კუდრა

Al Qudra ალ კუდრა ბუნების მოყვარულთა პოპულარული ადგილია. მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქვიშის დიუნებით გარშემორტყმული ალ-კუდრას ხელოვნური ტბაა. ადგილი იდეალურია ფრინველებზე დაკვირვებისთვის, რადგან ამ მხარეში 170-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს. მხარე არამარტო ორნითოლოგთა რჩეული ადგილია, არამედ ველომოყვარულებსაც იზიდავს უდაბნოს ულამაზესი ბილიკებით.  რა თქმა უნდა, ყველაზე რომანტიკული ადგილი სიყვარულის ტბაა, ორი ერთმანეთზე გადახლართული გულის ფორმით, გარშემორტყმული ხეებითა და სიმწვანით, იდეალური ადგილი პიკნიკისთვის, სეირნობისთვის და ფოტოების გადასაღებად, განსაკუთრებით, მზის ჩასვლისას.

უდაბნოს თავგადასავლები

დუბაის უდაბნო არის ადგილი, სადაც დიდებული პეიზაჟები მომაჯადოებელ თავგადასავლებს ერთვის. დიუნების საფარებზე ჯიპებიდან შეგიძლიათ ულამაზესი ხედებით დატკბეთ და თან ექსტრემალური გამოცდილება შეიძინოთ. უდაბნოში მოსასვენებლად აქლემებით გასეირნება ან ვარსკვლავების ქვეშ სიმშვიდეში სადილობა მიგიზიდავთ. აქტიურმა მოგზაურებმა სენდბორდინგი აუცილებლად უნდა სცადონ, განსაკუთრებით ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, თვალწარმტაცი ხედების ფონზე. ექსკლუზიური გამოცდილებას Nara Desert Escapes-ში მიიღებთ, ესაა კერძო კემპინგი უდაბნოში,სადაც შეგიძლიათ ფუფუნებითა და კომფორტით განმარტოებულად დატკბეთ და იყოთ გარშემორტყმული ველური ბუნებითა და ტრადიციული არაბული სტუმართმოყვარეობით.

პლაჟები დუბაიში

შემოდგომის სეზონისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟია – Kite Beach, სადაც ამინდი იდეალურია სასეირნოდ, წყლის აქტივობებისთვის და ზღვასთან განტვირთვისთვის. Kite Beach ცნობილია თავისი ფართო სანაპირო ზოლით, თეთრი ქვიშით, სუფთა წყლით და შესანიშნავი პირობებით კეიტსერფინგისთვის, პლაჟის ფრენბურთისა და იოგასთვის. რეკრეაციული აქტივობების გარდა, Kite Beach გთავაზობთ მრავალფეროვან კაფეებს, და საკვებ მანქანებს (foodtrack), რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს საოჯახო გასეირნებისთვის ან სამეგობროს შეხვედრებისთვის. სტუმრების კომფორტისთვის გათვალისწინებულია საშხაპეები, ბავშვთა ოთახები, Wi-Fi, სარბენი და ველო ბილიკები. პლაჟი კარგადაა განათებული ღამითაც, პატრულირებენ მაშველები. ქოლგები და ლაუნჯები ქირავდება.

სხვა პოპულარულ პლაჟებს მიეკუთვნება ელეგანტური La Mer Beach მოდური რესტორნებითა და მაღაზიებით, ოჯახისთვის შესაფერისი JBR Beach წყლის აქტივობებით, მყუდრო Sunset Beach მშვიდი დასვენებისთვის და Al Mamzar Beach Park, რომელიც აერთიანებს პლაჟისა და პარკის ზონებს. დუბაის პლაჟები გთავაზობენ შესანიშნავ ზღვისპირა ინფრასტრუქტურას.

სანაპირო კლუბები

ასევე პოპულარულია დუბაის მდიდრული სანაპირო კლუბები, რომლებიც მრავალფეროვან გამოცდილებას გთავაზობთ. ზოგს ზღვაზე წვდომა, ზოგსაც აუზები აქვს ქალაქის ფანტასტიკური ხედით.

დუბაის სანაპირო კლუბებში განსხვავებული ატმოსფეროა: ზოგი იდეალურია ბავშვებიანი ოჯახებისთვის, ზოგი რომანტიკული წყვილებისთვის, ზოგიც მათთვის, ვისაც მუსიკა და პლაჟის წვეულებები უყვარს. მაგალითად, კონცეფცია Byron Bathers Club პალმა ჯუმეირაზე, ავსტრალიის სერფინგის კულტურითაა ინსპირირებული და მშვიდ, მოდუნებულ განწყობას გთავაზობთ ცოცხალ მუსიკოსებთან და დიჯეებთან ერთად. ბავშვებისთვის გათვალისწინებულია საბავშვო მოედანი, რაც მას ოჯახური დასვენებისთვის იდეალურ ადგილად აქცევს. სხვა კონცეფციები, როგორიცაა, მაგალითად, Nammos, ბერძნული სტილის დასვენებას გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ თავი შვებულებაში გეგონოთ მაშინაც კი, როცა ოფისიდან ეს-ესაა გამოხვედით. ხოლო თეთრ პლაჟზე შეგიძლიათ დღისით შეზლონგზე მოკალათდეთ, საღამოობით კი წვეულებებს და ცოცხალ მუსიკას შეუერთდეთ.

ამ შემოდგომაზე, დუბაი სანაპირო კლუბების მოყვარულებს კიდევ ერთ სიამოვნებას ჰპირდება. მალე გაიხსნება სანაპირო ზოლის ახალი სამკაული – J1 Beach, მდიდრული სანაპირო კლუბებით, როგორიცაა Sirene Beach by Gaia, Bâoli და Gigi Rigolatto. სტუმრები ისიამოვნებენ მშვიდი ატმოსფეროთი, ცოცხალი მუსიკით, კარგი სასადილოებითა და ზღვის განსაცვიფრებელი ხედებით.

შემოდგომა შესანიშნავი დროა ქალაქის ყველა სპექტრის აღმოსაჩენად. სასიამოვნო ამინდი გიხმობთ უძველესი უბნების შესასწავლად, უდაბნოს თავგადასავლებისთვის, ან ზღვასთან დასასვენებლად. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი, ქალაქი მოგონებებით სავსე და დაუვიწყარი დასვენებისთვის შესანიშნავ პირობებს გთავაზობთ.