ირლანდიაში საქართველოს ელჩისა და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ს აღმასრულებელი მმართველის შეხვედრაზე ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობები განიხილეს.
სოფიო ქაცარავასა და Ryanair-ის შეხვედრაზე ინფორმაცია ირლანდიაში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.
„8 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair აღმასრულებელ მმართველთან, მაიკლ ო’ლირისთან.
შეხვედრაზე განიხილეს ავიაკომპანიის საქართველოს აეროპორტებში ფრენების დაწყების შესაძლებლობები“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Ryanair 2019 წლის ბოლოს შემოვიდა. ავიაკომპანიის მიერ ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე სრულდებოდა. თუმცა კოვიდ-პანდემიის დაწყების შემდეგ Ryanair-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შეაჩერა.













