ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური ალუმინის შენადნობი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ტემპერატურისა (400°C-მდე) და წნევისადმი განსაკუთრებული მდგრადობით. ამ აღმოჩენამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს თვითმფრინავების მსუბუქი და გამძლე დეტალების წარმოება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა ალუმინის სხვა ელემენტებთან შერევით მიიღეს შენადნობი, რომელიც ხუთჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ჩვეულებრივი ალუმინი და უძლებს 400 გრადუს ცელსიუსს დეფორმაციის გარეშე.
შემადგენლობის შერჩევის პროცესის დასაჩქარებლად, მეცნიერებმა მანქანური სწავლება (Machine Learning) გამოიყენეს. ამის წყალობით, მათ მხოლოდ 40 კომბინაციის შეფასება დასჭირდათ, ნაცვლად მილიონობით ვარიანტისა, რომელსაც ინჟინრები ტრადიციულად ამოწმებენ.
ახალი შენადნობის წარმოების ძირითადი მეთოდია 3D-ბეჭდვა, რაც საშუალებას იძლევა, შეიქმნას რთული ფორმები და მიღებული დეტალები უფრო გამძლე იყოს.
მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს შენადნობი იდეალურია რეაქტიული ძრავების ვენტილატორების ფრთებისთვის, რომლებსაც ამჟამად ტიტანისგან ამზადებენ. ახალი მასალა ტიტანზე 50%-ით მსუბუქი და 10-ჯერ იაფია, რაც ავიაციისთვის უზარმაზარ ეკონომიკურ და ოპერაციულ უპირატესობას წარმოადგენს.
ავიაციის გარდა, მსუბუქობის, თერმომდგრადობისა და მაღალი სიმტკიცის კომბინაცია მას უნივერსალურ მასალად აქცევს სხვა რთული კონსტრუქციებისთვის, მათ შორის ვაკუუმურ ტუმბოებში, მონაცემთა ცენტრების გაგრილების სისტემებსა და საავტომობილო ინდუსტრიაში.












