საქართველოს მთავრობა სერბეთთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას #2092 განკარგულებაში წერია, რომ “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს “საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას”.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დროს დაწყებულა.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით”, აღნიშნულია მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის №2646 განკარგულებაში, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბრით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს სერბეთის ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე შეუძლიათ.
“საქარველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება სერბეთში, ვიზის გარეშე შეუძლია შევიდეს და დარჩეს სერბეთის ტერიტორიაზე შესვლის დღიდან არაუმეტეს 90 დღისა 180 დღის განმავლობაში”, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს სერბეთიდან 2613 მოგზაური ეწვია, 2017 წელს – 2599 მოგზაური, 2016 წელს კი – 1864 მოგზაური.
დღეისათვის საქართველოს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება 38 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.