სექტემბრიდან ლიეტუვას დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა იგეგმება, რაც აჭარის ოთხი სეზონის ტურისტულ რეგიონად გადაქცევის პროექტის ნაწილია.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი მიხეილ კოპლატაძე განმარტავს, სექტემბრიდან ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაიწყება.  მისივე განმარტებით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ლიეტუვადან ვიზიტორების რაოდენობა 35%-ითაა გაზრდილი.

„ჩვენი პრიორიტეტია, რომ აჭარა გადაიქცეს ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ სექტემბრიდან ლიეტუვადან იქნება პირდაპირი რეისები. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ლიეტუვადან ისედაც ჩამოდიან ტურისტები, რასაც სექტემბერში უკვე ჩარტერული ავიარეისები დაემატება და შესაბამისად, 2019 წელს ლიეტუვადან ჩამოსული ვიზიტორების კიდევ უფრო დიდი სტატისტიკა გვექნება.

აჭარაში სანახავი მართლაც ბევრია – ულამაზესი ეროვნული პარკები, სხვადასხვა თემატური ტურისტული მარშრუტები მაჭახელას, მირვეთის, ხიხანის, გობრონეთის, მერისის, ჩირუხის, მწვანე ტბისა და ქედის მიმართულებით”, განმარტავს კოპლატაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისიდან ვილნიუსის მიმართულებთ პირდაპირი, რეგულარული ავიარეისების დაწყება უკვე დაანონსა ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა.