საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის სექტემბერში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 73.1%- ითაა შემცირებული. PMC Research-ის ინფორმაციით, სასტუმრო ინდუსტრია პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია. მიუხედავად ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის ფაზაში გადასვლისა, მნიშვნელოვანია შეფასდეს პანდემიის ეფექტი სასტუმრო სექტორზე, რათა უკეთ განისაზღვროს სრული აღდგენის პერიოდი და გატარდეს ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისთვის რელევანტური ღონისძიებები.

2016-2019 წლებში, პანდემიამდე, სასტუმრო სექტორი სტაბილურად იზრდებოდა. კერძოდ, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა 2016 წლიდან 2019 წლამდე 12.4%-ით გაიზარდა (1,496-დან 1,682-მდე), სასტუმროთა სრული ფართობი 1.675 ათასი კვ.მ.-დან 2,272 ათას კვ.მ-მე 35.7%-ით, ხოლო სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 31.7%-ით (15,628-დან 20,575-მდე) გაიზარდა. COVID-19-ის გავრცელებამ ინდუსტრიის ძირითადი ინდიკატორების დადებით დინამიკას მიმართულება შეუცვალა. 2020 წელს, სასტუმროების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 37.3%-ით შემცირდა, ხოლო სასტუმროების საერთო ფართობი 19.6%-ით. ამავდროულად, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 33.8%-ით დაიკლო.

“2016-2019 წლებში ასევე იზრდებოდა სასტუმროთა ვიზიტორების რაოდენობა. ვიზიტორთა რაოდენობამ მაქსიმუმს (4.01 მლნ) 2019 წელს მიაღწია, საიდანაც ვიზიტების 71.5% არარეზიდენტებზე მოდიოდა. არარეზიდენტი ვიზიტორების 35.3% დსთ-დან, ხოლო 15% ევროკავშირიდან სტუმრობდა საქართველოს. ხოლო, 2019 წელს საქართველოს რეზიდენტები მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 28.5%-ს შეადგენდა. 2020 წელს, საერთო ვიზიტორების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 66.5%-ით შემცირდა და 2016-2019 წლების საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ 39.5% შეადგინა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, არარეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობა რადიკალურად (85.7%-ით) შემცირდა და საერთო ვიზიტორების მხოლოდ 30.6% შეადგინა. აქედან, ვიზიტორების 34.5% დსთ ქვეყნებზე, ხოლო 8.9% ევროკავშირზე მოდიოდაII . 2020 წელს, საქართველოს რეზიდენტთა ვიზიტები 18.5%-ით შემცირდა და საერთო ვიზიტების 69.4% შეადგინა, რამაც სრულად შეცვალა რეზიდენტობის მიხედვით ვიზიტორთა წილების პრე-პანდემიური სტრუქტურა.

პანდემიამ, ასევე, შეცვალა სასტუმრო ვიზიტების მიზნის მიხედვით განაწილებაც. 2016- 2019 წლებში, სამედიცინო მიზნით საშუალოდ მთლიანი ვიზიტორების 1.3% სტუმრობდა სასტუმროებს, ხოლო 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 16.2% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიზიტებიდან 90.3% საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, რაც პირდაპირ იხსნება პანდემიის პერიოდში სასტუმროთა საკარანტინე ზონებად გამოყენებით. ამას გარდა, 2016-2020 წლებში რეკრეაცია სასტუმრო ვიზიტების მთავარი მიზანი იყო, მაგრამ 2020 წელს კატეგორიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება, 2019 წელთან შედარებით, სწორედ სარეკრეაციო ვიზიტებში შეინიშნება (75.8%). ამავდროულად, სარეკრეაციო ვიზიტების უმრავლესობა (62.9%) საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პანდემიის პერიოდში სასტუმრო ინდუსტრიისთვის შიდა ტურიზმის გაზრდილ როლს.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის სექტემბერში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, 6.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 8.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.2%-ით. 2021 წლის სექტემბერში, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%- ით შემცირდა.

2021 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 143 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 263 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 85 ლარი შეადგინა”, განმარტავენ PMC Research-ში.