პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სექტემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43,926 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი – 91,713 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. სექტემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 64% აღდგა და მოემსახურა 192 რეისს. (2019 სექტემბერი – 302 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 20 მიმართულებით ოპერირებს.
„დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 20 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 15 მიმართულებით. სექტემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 163 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით აღადგენს პირდაპირ ფრენებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი მიმართულება, რომლითაც საქართველო ესპანეთის სამეფოს დაუკავშირდება“,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ოქტომბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება.