საზღვრის კვეთისას მნიშვნელობა არ ექნება უცხოელი ტურისტი რომელი COVID-ვაქცინით იქნება აცრილი. როგორც ცნობილია, 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნების ვიზიტორები ნებისმიერი ტიპის COVID-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.
BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს წამყვანმა ჰკითხა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთისას მიექცევა თუ არა ყურადღება ვაქცინის წარმოშობას, რაზეც ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ „საქართველო აცრილ უცხოელ ვიზიტორებს შეზღუდვების გარეშე მიიღებს“ ანუ ვაქცინის დასახელება ქვეყანაში შემოსვლისას განმსაზღვრელი არ იქნება.
„უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე ამ საკითხის განხილვა იყო და გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს ორჯერადად ანუ სრულად აცრილ ტურისტებს; გაზაფხულზე შეიძლება იყოს ისეთი ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად გაკეთდება და ეს იქნება სრული ინექცია, მაგრამ დღეს გამოყენებული ვაქცინები ორჯერადი ინექციისაა და ამიტომ მივიღებთ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, იქნებიან ეს ტურისტები თუ სხვა ვიზიტორები“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
წყარო: BM.ge