მოგეხსენებათ, თურქეთი ცნობილია საზღვაო დასვენებით. ის საინტერესოა არამხოლოდ საკუთარი სანაპიროებით, არამედ ამ სანაპიროებთან არსებული გამჭვირვალე, კამკამა წყლებითაც. აქ წყალქვეშა სამყარო მრავალფეროვანია – მარჯნები, თევზები, ზღვის კუები, წყალმცენარეები და მრავალი სხვა. თურქეთის წყალქვეშა სამყაროში თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ომების შედეგად ჩაძირული გემებიც, რაც საოცარ ისტორიულ შინაარსს ჰმატებს მყვინთავთა თავგადასავლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, თურქეთი გთავაზობთ მრავალფეროვან და დაუვიწყარ წყალქვეშა “მოგზაურობას”.
ქაში
დაივინგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქაში – ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმდიდრესი ტურისტული რეგიონი, რომელიც არამარტო თურქეთში, არამედ მსოფლიოში 10 საუკეთესო სადაივინგო ადგილს შორისაა. იგი მყვინთავებს უნიკალურ გამოცდილებას აძლევს ენდემური სახეობების დასათვალიერებლად. თქვენ ასევე, შეძლებთ ნახოთ ზღვის სელაპები, კუები და ა.შ აღსანიშნავია, ძველად, ომების შედეგად ჩაძირული გემები , რომელთა ნახვაც დაივინგის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტვირთმზიდ გემს კანიონში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიურ ბომბდამშენს და C-47 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავს (დაკოტა). წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი შეგიძლიათ ეწვიოთ უამრავ უძველეს ქალაქს, რომლებიც კარიული და ლიკიური ცივილიზაციების სამშობლოა და გაეცნოთ ცნობილ საფეხმავლო მარშრუტებს.
ფეთიე – ნამდვილი წყალქვეშა „სამოთხე“
ფეთიე (თურქეთი) – ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,მუღლაში ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების გადაკვეთაზე. ფეთიე „აღმოცენდა“ ულამაზესი ყურის სანაპიროზე, რომელიც გარშემორტყმული იყო მთის ფერდობებით, კედრებითა და ფიჭვებით. კურორტს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ უცხოელი ტურისტები. მისი მზარდი პოპულარობა უკავშირდება არა მხოლოდ მისი ხელუხლებელი ბუნების სილამაზეს, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. ფეთიეში არის მოწყობილი ულამაზესი სადაივინგო ადგილები, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის “აკვარიუმის” ყურე (Aquarium Koyu), რომელიც ბოლო წლებში დაცულ ზონად გამოცხადდა. იგი გამოირჩევა წყალქვეშა მრავალფეროვნებით.












