საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველმა რეზიდენტმა ელჩმა აბდულა ალ-მუტაირიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი და ხაზი გაესვა კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და სხვა სფეროებში.

ელჩმა აღნიშნა, რომ თავის მხრივ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.