საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal-მა, სამეფოს ისტორიაში პირველი რეისი შეასრულა, რომელიც მთლიანად ქალის ეკიპაჟი წევრებით იყო დაკომპლექტებული.

Flyadeal-მა საუდის არაბეთის ისტორიაში პირველი რეისი შეასრულა, რომლის ეკიპაჟი მთლიანად ქალები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის წევრების უმეტესობა საუდის არაბეთის მოქალაქეები არიან“, – წერს ავიაკომპანია ტვიტერზე და აქვეყნებს ეკიპაჟის ფოტოს.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ფრენა განხორციელდა უახლესი Airbus A320 თვითმფრინავით რიადიდან ჯედაში.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირებას 2022 წლის 28 ივნისიდან გეგმავს.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის (GCAA) მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას, რიადიდან 4 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს და დამამიდან 2 სიხშირით ყოველ სამშაბათს და კვირას, ხოლო ბათუმის მიმართულებით ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას და რიადიდან 3 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს. ჯამში, ავიაკომპანიის მიერ, საქართველოს მიმართულებით კვირაში 15 რეისი განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.

ავიაკომპანია Flyadeal-ი, წარმოადგენს საუდის არაბეთის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია SAUDIA-ს შვილობილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას, რომელიც მომხმარებელს რეისებს სთავაზობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებით.