საუდის არაბეთი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიის შექმნის ბოლო ეტაპზეა, რომელშიც სამეფო რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ინვესტიციას აპირებს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ავიაკომპანიას სავარაუდოდ RIA დაერქმევა.
როგორც ცნობილია გასულ წელს საუდის არაბეთის პრინცმა მეორე ეროვნული ავიაკომპანიის შექმნა დაანონსა.
ეს არის 2030 პროგრამის ნაწილი ნავთობის წარმოებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, დასვენებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.
2030 გეგმის ნაწილი არის გიგანტური 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საავიაციო სექტორში მომდევნო რვა წლის განმავლობაში, რომლის უმეტესი ნაწილი მოხმარდება ახალი ეროვნული გადამზიდველის შექმნას.
არაბული მედიის ცნობით, ახალი გადამზიდავისათვის სახელად RIA-ს დარქმევა განიხილება. მისი ამოქმედების შემდეგ, ახალი ავიაკომპანია გახდება საუდის არაბეთის მეორე ეროვნული გადამზიდავი და დაფუძნებული იქნება რიადში.
ინვესტიციები მიმართული იქნება „საუდის არაბეთის სუვერენული ფონდიდან“, რომლის ჯამური აქტივები 430 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
საუდის არაბეთს აქვს მნიშვნელოვანი სამიზნე – 30 მილიონი საერთაშორისო სატრანზიტო მგზავრი 2030 წლისთვის. ამჟამად სამეფოში საერთაშორისო ტრანზიტი ოთხ მილიონს არ აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ახალ გადამზიდავს საბოლოოდ დასჭირდება 150-ზე მეტი მარშრუტის მომსახურება მთელს მსოფლიოში, რაც მოითხოვს მინიმუმ 30 მილიარდი დოლარის ინვესტიციას.
ამჟამად, უმსხვილესი ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში (და მეოთხე მსოფლიოში) Emirates-ი დაფრინავს 158 მიმართულებით 85 ქვეყანაში.