საუდის არაბეთის ეროვნულმა ავიაკომპანია “Saudia”-მ პირველი რეისი განახორციელა, რომელზეც ყველა მგზავრისთვის, მომსახურების კლასის მიუხედავად, უფასო მაღალსიჩქარიანი Wi-Fi არის ხელმისაწვდომი.
ამჟამად, სერვისი ტესტირების ეტაპზეა და უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარეს 300 მეგაბიტი/წამში (მბ/წმ). ავიაკომპანია სამომავლოდ მის გაზრდას 800 მბ/წმ-მდე გეგმავს.
მოგზაურებს უკვე შეუძლიათ ბორტზე რამდენიმე ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება, მათ შორის სიგნალის დაკარგვის გარეშე გადართვა, ასევე სტრიმინგ ვიდეოების ყურება და ვიდეო კონფერენციების გამართვა.
ამ ეტაპზე, ავიაკომპანიის თითქმის 20 თვითმფრინავია აღჭურვილი ახალი სისტემით. “Saudia” გეგმავს, რომ ეს სერვისი თანდათანობით მთელ ფლოტსა და ახალ ლაინერებზე გავრცელდეს.
“Saudia”-ში ხაზს უსვამენ, რომ ახალი მომსახურება განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება ბიზნეს-მოგზაურებსა და საერთაშორისო რეისების მგზავრებს შორის, რომლებსაც ფრენის დროსაც კი სჭირდებათ „კავშირზე დარჩენა“.












