UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ.
გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines, Etihad Airways, IAG Cargo, Korean Air, Lufthansa Cargo, Qatar Airways, Saudia, Singapore Airlines და United Airlines.
COVID-19-ის ვაქცინების და სამედიცინო პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ავიაკომპანიებმა UNICEF-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს
აღნიშნული ძალისხმევა მხარს უჭერს UNICEF — COVAX Facility-ს, რომლის მიზანიც ქვეყნებში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილებაა.
პროგრამის თანახმად, UNICEF ახორციელებს COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვებს და დაბალი შემოსავლების ქვეყნებისთვის მის ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს.
პირველადი გეგმის მიხედვით, 145 ქვეყანა მიიღებს იმ დოზების ოდენობას, რაც საკმარისი იქნება 2021 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მოსახლეობის საშუალოდ 3%-ის ვაქცინაციისთვის, ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობით.
Humanitarian Airfreight Initiative მიზნად ისახავს ასევე მომავალი ჰუმანიტარული კრიზისებისთვის გლობალური ლოგისტიკური მექანიზმის შექმნას.
“COVID-19-ის საწინააღმდეგო სასიცოცხლო ვაქცინების მიწოდება ძალიან მასშტაბური და რთული პროექტია, რომელიც საჭიროებს მიწოდების ცივი ჯაჭვის შექმნას. ჩვენ მადლიერები ვართ ყველა იმ ავიაკომპანიის, რომლებიც ძალებს აერთიანებენ რათა მხარი დაუჭირონ ჰუმანიტარულ ინიციატივას, COVID-19 ვაქცინების მთელ მსოფლიოში ტრანსპორტირების შესახებ”, აცხადებს UNICEF-ის მომარაგების დეპარტამენტის დირექტორი ეტლევა კადილი.