საქართველოს საავიაციო ბაზრის კლება წელს, სავარაუდოდ, 81% იქნება. ამის შესახებ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) ანგარიშშია საუბარი, რომელშიც ავიაციასა და ტურიზმზე COVID-19-ის პანდემიის გავლენაზეა საუბარი. აღნიშნული ანგარიშის მომზადებაში სხვა უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩართული იყო საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური, რომლიც აცხადებს, რომ უკვე დღეს უნდა იყოს დაწყებული მუშაობა იმაზე, თუ რა სტრატეგია ექნება ქვეყანას მომავალ წელს, რათა საავიაციო მიმოსვლა აღადგინოს, როგორც სამგზავრო ისე სატვირთო მიმართულებით. მისი განმარტებით, თუ კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, მარტის ბოლოდან საავიაციო მიმოსვლა უნდა აღდგეს ყველა იმ მიმართულებაზე, რაც საქართველოს პანდემიამდე გააჩნდა. ასევე უნდა დაიგეგმოს ახალი, ქვეყნისთვის ხელსაყრელი მიმართულებების ათვისება,
“პოსტ კოვიდის პერიოდში CAREC-ის ქვეყნები შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი მიმართულება გახდეს, რადგანაც ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კრიზისიდან მალე გამოვიდეს. ცხადია ეს მას შმდეგ რაც საქართველოს ეპიდემიოლოგიურად “წითელი ზონიდან” “მწვანე ზონაში” გადავა.
COVID-19-ის ეპიდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს საავიაციო სექტორს. მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო CAREC-ის ქვეყნებმა, სადაც ამ მხრივ მაინც საქართველო გამოირჩევა. საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმზე, რომელზედაც მშპ-ს 26%-ი მოდის, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ავიაციასაც.
შედარებისათვის მსოფლიოში ტურიზმის წილი საშუალოდ 10%-ია. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან დატოვებული შემოსავალი მთლიანი ექსპორტის 39%-ია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია CAREC-ის რეგიონის ქვეყნებს შორის.
CAREC-ის ქვეყნებში ტურიზმსა და ავიაციაში 1,5 მლნ ადამიანია დასაქმებული და აქაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს – 488 200 კაცი არის დასაქმებული, რაც ქვეყნაში დასაქმების მაჩვენებლის 27.7%-ია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ არანაირი დახმარება არ აქვს ავიაციის სექტორს და ავიაკომპანიებს. მსოფლიოში ბევრმა ხელისუფლებამ გამოყო თანხები საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიებს გადასარჩენად. CAREC-ის ქვეყნებს კი ამ მიმართულებით 2 მლრდ-ა საჭირო, ნაწილმა ქვეყნებმა თანხის გამოყოფა უკვე მოახდინეს. საქართველოს კი ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ასეთი მდგომარეობა კი გამოიწვევს ავიაკომპანიების გაჩერებას და ფრენების შემცირებას, რაც თავის მხრივ პირდაპირ აისახება ბილეთების ფასებზე, რასაც ჩვენთან უკვე სახეზეა.
საქართველოს საავიაციო სექტორს კიდევ უფრო რთული ფინანსური მდგომარეობა ელოდება წლის ბოლოს და მომავალ წელს, რადგანაც ჩვენ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ გაგვაჩნია შიდა ბაზარი. რაც არის ძალიან მცირეა. ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო ფრენებზე.
სამგზავრო გადაზიდვების გარდა პრობლემურია საჰაერო გზით სატვირთო გადაზიდვებიც. CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს კარგო გადაზიდვების მხრივ ხუთეულშიც კი არ არის. არადა ქვეყანას შეუძლია ხელსაყრელი ადგილმდემარეობის გამოყენება და კარგო გადაზიდვების მხრივ გააქტიურება. თუნდაც სამედიცინო ტვირთების გადაზიდვის კუთხით, რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიური სეგმენტია”, აცხადებს იგორ აფციაური.
მისი თქმით, ქვეყანა უნდა მოემზადოს, რომ მარტი-აპრილიდან აღდგეს ავიამიმოსვლა ევროპასთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ანუ ის სადაც საქართველოს გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები გააჩნია.
“კრიზისიდან გამოსვლის საშუალებებს აქტიურად უნდა ვეძებდეთ. მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ კარგო გადაზიდვები. საჭიროა კარგო გადაზიდვების პოლიტიკის კიდევ უფრო მეტი ლიბერალიზაცია. კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო ტარიფები”, მიიჩნევს იგორ აფციაური.
აღსანიშნავია, რომ CAREC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში მიმოხილულია 10 ქვეყანაში არსებული ვითარება (ავღანეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი). წინასწარი მონაცემებით, ამ ქვეყნებიდან პანდემია ყველაზე ნეტაგიურ გავლენას საქართველოსა და ტაჯიკეთზე ახდენს.
ანგარიშის მიხედვით, თუ საქართველოში საავიაციო მგზავრთნაკადი 2019 წელს 5.2 მილიონი იყო, წელს მხოლოდ ერთ მილიონს მიაღწევს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შიდა ფრენების ბაზარი საქართველოსა და ტაჯიკეთში უმნიშვნელოა და წელიწადში 100 ათას მგზავრს არ აღემატება.
მიმოხილვაში საქართველო მითითებულია იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც საავიაციო სფეროში სამუშაო ადგილების დაკარგვის დიდი საფრთხეა. საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში ტურიზმის წილი მთლიან ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია.
„CAREC-ის ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე მეტად არის დამოკიდებული მოგზაურობასა და ტურიზმზე, 2019 წელს ამ სფეროს წილი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 26% იყო“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის ავტორები მაგალითისთვის წერენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლა ჯერ აღდგენილი არ არის და იმედოვნებენ, რომ ალმათი-ბათუმის რეისი 2021 წლის ზაფხულის სეზონზე დაიწყება.