მთის კურორტ „განთიადის“ მმართველი პარტნიორისა და დირექტორის, დიანა ჩომახაშვილის შეფასებით, მიმდინარე ზამთრის სეზონი სტაბილურად პოზიტიური ტენდენციით მიმდინარეობს. ჩომახაშვილი აღნიშნავს, რომ განახლებული ფორმატით ოპერირების ოთხი წლის განმავლობაში სასტუმრო ყოველწლიურად საშუალოდ 15%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.
„ჩვენი სასტუმრო „განთიადი“ უკვე მეოთხე წელია ბაზარზე განახლებული სახით წარსდგა. მუდმივი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან გვახარებს – ეს არის საშუალო 15%-იანი ზრდა, რაც გასულ წელსაც დაფიქსირდა. წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია,“ – აცხადებს ჩომახაშვილი.
მიმდინარე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დიანა ჩომახაშვილი განმარტავს, რომ „განთიადში“ სეზონი კვლავ აქტიურ ფაზაშია და სასტუმრო სტუმრებს სრულფასოვან ზამთრის გამოცდილებას სთავაზობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კურორტი უშუალოდ ბაკურიანში არ მდებარეობს, ლოკაცია და ბუნებრივი პირობები სტუმრებს ანალოგიურ გარემოს უქმნის. „რაც შეეხება ჩვენს ზამთრის სეზონს, ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არ დასრულებულა ‘განთიადში’. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში არ ვართ, ძალიან ახლოს ვიმყოფებით და თოვლიანობაც ისეთივეა, როგორიც ბაკურიანში, ამიტომ სეზონი კვლავ გრძელდება. ცოტა თბილმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა სეზონი პოზოტიურად მიმდინარეობს,“ – აცხადებს ჩომახაშვილი.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება კურორტის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ის პროექტები, რომლებიც რეგიონული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ჩომახაშვილის შეფასებით, მიმდინარე წელს პრიორიტეტად რჩება ახალი ბაზრების ათვისება და სერვისების შემდგომი განვითარება. „წლევანდელ მიზნებში შედის ჩვენთვის ახალი ბაზრების ათვისება, რისთვისაც ადგილობრივი სერვისების განვითარება, მათ შორის დამატებითი ბილიკების მოწყობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია,“ – ამბობს იგი.
2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმი – 5,521,866 ვიზიტი შეადგინა. 2024 წელთან შედარებით ზრდა 8.4%-ით მეტია. რეკორდულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელიც 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა.












