ავიაკომპანია Delta Air Lines-ის თვითმფრინავის მგზავრებს შორის განგაში გამოიწვია ინციდენტმა, როდესაც ფრენისას თვითმფრინავის ფრთის ნაწილი, კერძოდ კი ფლაპი, ჩამოვარდა. თვითმფრინავი, რომელსაც 62 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი გადაჰყავდა, საბედნიეროდ, უსაფრთხოდ დაეშვა. არავინ დაშავებულა.

ერთ-ერთი მგზავრის, შანილა არიფის თქმით, თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ თვითმფრინავის რყევა ტურბულენტობის გამო იყო. თუმცა, მან ილუმინატორიდან გაიხედა და შეამჩნია, რომ ფრთის ფლაპის ნაწილი მაღალი სიჩქარით ფრთის უკან ეკიდა. მისივე თქმით, ამან თვითმფრინავის კუდის დაზიანებისა და პოტენციური ავარიის რისკი შექმნა.

ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ დაშვების შემდეგ დადასტურდა ფლაპის ნაწილის არასწორი დამაგრება. უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავი დროებით გამოიყვანეს ექსპლუატაციიდან, რათა შემოწმება და ტექნიკური სამუშაოები ჩატარდეს.

Delta Air Lines-მა ბოდიში მოუხადა მგზავრებს და აღნიშნა, რომ მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია სრულად ითანამშრომლებს აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან (FAA) ინციდენტის გამოძიების დროს.