ავიაკომპანიის პრეტენზიების მართვის გერმანულმა კომპანიამ AirHelp-მა მსოფლიოს ყველაზე ცუდი აეროპორტების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა. AirHelp-ი2015 წლიდან უმსხვილეს აეროპორტებს 10-ქულიანი სისტემით და სამი ინდიკატორის მიხედვით აფასებს: დროული მუშაობა, მომსახურების ხარისხი, კვება და შოპინგი.

“დროული მუშაობის“ კრიტერიუმი ასახავს ფრენების პუნქტუალურობას, ის აეროპორტის საერთო ქულის 60%-ს შეადგენს. მომსახურების ხარისხი (ანუ უსაფრთხოების სამსახურის რეაგირების სიჩქარე და ტერმინალის სისუფთავე) შეფასების კიდევ 20%-ია. ბოლო 20% რჩება საკვებსა და საყიდლებზე. მგზავრები ქულებს აძლევენ ერთიდან ხუთამდე.

131 აეროპორტს შორის საუკეთესო იყო კატარის (8,39 ქულა), იაპონიის (8,38 ქულა) და ათენის (8,38 ქულა) საერთაშორისო აეროპორტები.

ხოლო ცუდი აეროპორტის ხუთეულში მოხვდნენ:

– მალტის საერთაშორისო აეროპორტი (6.05 ქულა). მალტის კუნძულების ეს ერთადერთი აეროპორტი 2020 წელს 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ამავდროულად, მოგზაურებმა აღნიშნეს, რომ ის “ძალიან პატარა იყო”. იყო დრო, როცა ადამიანებს იატაკზეც კი ეძინათ. მგზავრები იმასაც ჩივიან, რომ რეისის დაგვიანება აქ ჩვეულებრივი მოვლენაა.

– ჰენრი კოანდას საერთაშორისო აეროპორტი (რუმინეთი, 6.03 ქულა). რუმინეთის ყველაზე დატვირთულმა ცენტრმა 2021 წელს თითქმის 7 მილიონი მოგზაური გადაიყვანა. მიმოხილვაში მგზავრები ჩივიან, რომ პერსონალი არაკეთილგანწყობილია და ზოგჯერ “გარკვეულად აგრესიული”.

– ეინდჰოვენის აეროპორტი (ნიდერლანდები, 5.92 ქულა). სიდიდით მეორეა ნიდერლანდებში. 2019 წელს ის 6,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ტურისტებში მიჩნეულია, რომ აეროპორტს “ძალიან უხეში პერსონალი” ჰყავს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიუთითა, რომ აეროპორტი მას ახსენებს “საქონლის სადგომს”, რადგან მგზავრებს “ღია სივრცეში აიძულებენ დალოდებას”.

– ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი (ქუვეითი, 5.78 ქულა). 2019 წელს ის 15 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურა. იქ მდებარეობს ასევე სამხედრო საჰაერო ბაზა, რომელსაც იყენებს ქუვეითის საჰაერო ძალები. ზოგიერთი მგზავრი უჩივის „აეროპორტის საშინელ სუნს“ და “არაპროფესიონალურ და ნელ ჩასხდომას“.

– ყველაზე ცუდი შედეგი ლისაბონის პორტელას აეროპორტშია (პორტუგალია, 5,76 ქულა). 2019 წელს მან 31 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიტანა, რაც მას მე-16 ყველაზე დატვირთულ აეროპორტად აქცევს ევროპაში. მგზავრები ხშირად საემიგრაციო სამსახურთან გრძელ რიგებს უჩივიან. ზოგჯერ მგზავრს საპასპორტო კონტროლის გასავლელად ექვს საათამდე ლოდინი უწევს.