საქმიანი მოგზაურობის ბაზრის სრული აღდგენა მოხდება 2026 წელს და არა 2024 წელს, როგორც ეს GBTA-ს მიერ ადრე იყო პროგნოზირებული. ანალიტიკოსებმა აღდგენის ყველაზე დიდ დაბრკოლებად ინფლაცია, ენერგიის მაღალი ფასები, სერიოზული ლოგისტიკური სირთულეები, მუშახელის დეფიციტი, მდგრადობის საკითხები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნა და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დაასახელეს.
“გამოჯანმრთელება” 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში დაპაუზდა, რაც ომიკრონის შტამის გავრცელებას უკავშირდებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში, ინფიცირების მაჩვენებლის კლებასთან ერთად გაიზარდა მივლინებების რაოდენობა, წერენ ანალიტიკოსები.
2021 წელს საქმიანი მოგზაურობის მთლიანმა გლობალურმა ხარჯებმა 697 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 5.5%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. მთლიანობაში, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს მოგზაურობის ხარჯები გაიზრდება 33,8%-ით, მაგრამ სიტუაცია შეიძლება განსხვავებული იყოს მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე.
2021 წელს აღდგენის ტემპის მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკა იყო ლიდერი, ძირითადად შიდა ტურისტული ნაკადის გამო. იმავდროულად, დასავლეთ ევროპა იყო ერთადერთი რეგიონი, სადაც გასულ წელს მოგზაურობის ბიუჯეტის შემცირება დაფიქსირდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2026 წლისთვის ეს რეგიონები ყველაზე სწრაფ აღდგენას დააფიქსირებენ, წლიური ზრდით, შესაბამისად, 23.4% და 16.9%.
GBTA-ს კვლევაში საქმიანი მოგზაურების 85%-მა აღნიშნა, რომ საქმიანი ვიზიტები აუცილებელია ბიზნეს მიზნების მისაღწევად. სამ მეოთხედზე მეტმა თქვა, რომ აპირებს სამუშაოდ გამგზავრებას 2023 წელს „მეტად ან ბევრად მეტს“, ვიდრე წელს. გარდა ამისა, ფინანსისტების 84%-მა გამოთქვა რწმენა, რომ მომავალ წელს სამოგზაურო ხარჯები გაიზრდება “გარკვეულად ან მნიშვნელოვნად”.