საქარველოს ავიაბაზრის პირველობას სამი ავიაკომპანია ინაწილებს. ავიაკომპანიები Georgian Airways-ი, Turkish Airlines-ი და Wizz Air-ი 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ბაზრის 11-11%-იანი წილის მფლობელები არიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 440 ათას 60 მგზავრს მოემსახურა, Georgian Airways-ი – 433 ათას 805 მგზავრს, ხოლო Wizz Air-ი 425 ათას 991 მგზავრს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბრის 2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით Turkish Airlines-ს ბაზრის წილი არ შეუცვლია და ის კვლავინდებურად 11%-ის დონეზე შეინარჩუნა.
Georgian Airways-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრის წილი 1%-ით გაზარდა. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ქართული ავიაკომპანიის წილი 10%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება Wizz Air-ს, ის 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ბაზრის 8%-ის მფლობელი იყო, შესაბამისად კომპანიამ მოახერხა და მძაფრ კონკურენციის ფონზე 3%-იანი ზრდა აჩვენა. 2018 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანია საქართველოს ავიაბაზრის 11%-ის მფლობელი და შესაბამისად ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.
2018 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი, რომელიც იანვარ-სექტემბერში 219 ათას 245 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 6%-ის მფლობელია. კომპანიას გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზრის 7%-ი ეჭირა, რას იმას ნიშნავს, რომ 12 თვეში კომპანიის წილი ქართულ ბაზარზე 1%-ით შემცირდა.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის %5-იანი წილის მფლობელია Fly Dubai, რომელიც საქართველოს აეროპორტებში 203 ათას 73 მგზავრს მოემსახურა.
ბაზრის 4-4%-იან წილს, რუსული და უკრაინული ავიაგადამზიდავები იყოფენ: Aeroflot-ი, S7-ი და Ukraine International Airlines-ი (FlyUIA).
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 3-3%-ს აკონტროლებენ Pobeda Airlines-ი და Pegasus Airlines-ი.
2-2%-ს კი ფლობენ Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Belavia, Air Arabia, Air Astana, EL AL Israel Airlines-ი, Zagros Airlines-ი, YANAIR-ი, Lufthansa, LOT Polish Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, Qatar Airways-ი.
2018 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 87%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 13%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავზე მოდის.
2017 წლის იანვარ-სექტემბრისს სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი 90%-ი უცხოურს, ხოლო 10%-ი ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 22.55%-ით გაიზარდა.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.