საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობას შეისწავლიან. სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა და მასში სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, საქაერონავიგაციის წარმომადგენლები შედიან.

საფრენი მოედნების მოწყობის შეფასების პროცესის ფარგლებში, სააგენტოს მიერ, შეირჩევა ყველა ის გეოგრაფიული წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია აეროდრომის მოწყობა და ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიზანშეწონილია არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება. სამუშაო ჯგუფის მიერ, ხდება რელიეფის, არსებული მაღლივი დაბრკოლებების, შეფრენა-გაფრენის ზონებში არსებული შენობა ნაგებობების და გაბატონებული კლიმატური პროცესების (ქარის მიმართულება) შესწავლა.

დღეის მდგომარეობით, უკვე შესწავლილია კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები. სპეციალისტების მიერ შეირჩა 57 წერტილი (კახეთი 28; მცხეთა-მთიანეთი 29), მიმდინარე დღეებში კი ჯგუფი ტერიტორიების შესწავლას რაჭაში განაგრძობს.

საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი ყველა წერტილის შესახებ მომზადდება დეტალური დასკვნა და ელექტრონული რუკა, რომელიც საჯაროდ განთავსდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მომზადებულია ცვლილების პროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში, რომლის თანახმადაც ჩნდება საფრენი მოედნის განმარტება. აღნიშნული ცვლილებით, საფრენი მოედნები არ გაივლიან სერტიფიცირების კომპლექსურ პროცესს. მოხდება მხოლოდ მათი რეგისტრაცია, ვერტმფრენის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების გათვალისწინებით.

ვერტმფრენის საფრენი მოედნის მოწყობა და ექსპლუატაცია, აეროდრომისაგან განსხვავებით არ მოითხოვს დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს. ვერტმფრენი, განსხვავებით თვითმფრინავისგან ხასიათდება, რთულად მისადგომ ადგილებზე საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობით და მოქნილობით. საფრენი მოედნის მოწყობა შესაძლებელია ბუნებრივ-საფარიან ზედაპირზეც, სადაც ასევე არ არის საჭირო სამგზავრო ტერმინალისა და სხვა დამხმარე ნაგებობის აშენება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დავალებით, საფრენი მოედნების მოწყობის შეფასების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სახელმწიფო რწმუნებულების სამსახურები და შესაბამისი მუნიციპალიტეტები, რომელთაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, წინასწარ ეგზავნებათ კითხვარი, ძველი საფრენი მოედნების იდენტიფიცირებისა და ახალი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.