საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა მართლაც სახეზეა, აცხადებს სასტუმრო მერკური თბილისის და IBIS Styles-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მაკა ცხომელიძე. ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ უცხოელი ტურისტების შემოდინების მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ გალფის ქვეყნები და ისრაელი.

“მე უფრო ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ ტურისტების აღდგენის დინამიკა 25-30%-ის დონეზეა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. 2020-2021 წელს არ ვადარებთ.

ტურისტების ნაკადის მხრივ გაცილებით აქტიურია საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ასევე ისრაელი. აქტიურობა სახეზეა ასევე ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდანაც. თუმცა რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გარკვეული ბაზრებიდან დანაკლისი იქნება, რადგანაც აპრილი და მაისი არადინამიური თვეებია. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მალე პრობლემა მოგვარდება, სიმშვიდე იქნება და ადამიანები მეტს იმოგზაურებენ”, აცხადებს მაკა ცხომელიძე

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარტის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. არსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში 211,484 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ  188,354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა კი 37.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  159,199 შეადგინა, რაც +107,944-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი  48.5%-ია.