საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანა ტრადიციულად ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ჩარტერული რეისით მოხდება. ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისიდან თელ ავივის მიმართულებით დილით გაფრინდება და უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 20:45 საათზე დაეშვება. თუმცა ჩამოფრენის დრო მაინც ცეცხლის გადმოსვლის დროზე და შემდგომ მის აეროპორტში მიტანაზე იქნება დამოკიდებული.

წმინდა ცეცხლს აეროპორტში და შემდგომ თვითმფრინავში ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აიტანს, რომელსაც წლებია ქვეყანაში ქრისტეს აღდგომის ტაძარიდან წმინდა ცეცხლი ჩამოაქვს. 2020 წელი პანდემიის გამო იყო გამონაკლისი. რეგულაციების ფონზე ლაშა ჟვანიამ ცეცხლი მხოლოდ თელ ავივის აეროპორტში მიიტანა და მრევლს ჩააბარა. თბილისის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი 2020 წელს მრევლის გარეშე შესრულდა.

COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ მისცეს. მათ ცეცხლი თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.