საქართველოში თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო ოპერირება.
ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – ანტალიიდან, ანკარადან და იზმირიდან იფრენს.
პირველი რეისი ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით დღეს ანტალიიდან შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, SunExpress-ის პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია ანტალია-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს.
იზმირი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას SunExpress-ი 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.