საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს საუდის არაბეთის საელჩო. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა ქართულ მხარეს. ნოტაში ასევე აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა.
გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყურის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და სწორედ ამ მიზნით 2014 წელს საუდის არაბეთში, ქ. რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი. თავის მხრივ საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს ხელი შეუწყონ არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებას.