დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 123 ქალი ფლობს (სერტიფიცირებული ავიასპეციალისტების საერთო რიცხოვნობის 18%). მათ შორის არიან: ქალი პილოტი – 8, ქალი ავიამეთვალყურე – 10, ქალი ბორტგამყოლი – 102, ქალი ავიადისპეტჩერი (ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი) – 2 და ქალი ავიატექნიკოსი – 1. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტის მონაცემებით, სერტიფიცირებული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა 74-ს შეადგენდა. შესაბამისად, საავიაციო სექტორში ჩართული ქალი ავიასპეციალისტების რაოდენობა საქართველოში წინა წელთან შედარებით 49-ით (66%-ით) გაიზარდა.
რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის სფეროს სერტიფიცირებული კატეგორიის გენდერული თანაფარდობის მაჩვენებლებს, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, საქართველოშიც ამ ეტაპზე, ქალები მეტწილად ბორტგამყოლის პოზიციაზე სჭარბობენ. მიმართულებების მიხედვით, პროცენტული თანაფარდობები შემდეგია:
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის და ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელთაგან, რომელთა საერთო რაოდენობა 253-ს შეადგენს, 8 ქალი პილოტია (საერთო რაოდენობის 3%-ი) მათ შორის, ერთი ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას ფლობს, ხუთი კომერციული პილოტის მოწმობას, ხოლო ორი მათგანი მოყვარული პილოტია;
ბორტგამყოლებზე სულ გაცემულია 144 მოწმობა, აქედან – 102 ქალია (71%);
ავიამეთვალყურის მოქმედ მოწმობას ფლობს 123 ავიამეთვალყურე, მათ შორის – 10 ქალია (8%);
ავიადისპეტჩერის (ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი – FDL) მოწმობას სულ 24 პირი ფლობს, მათგან – 2 ქალია (8%);
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობას 156 პირი ფლობს. ამ ეტაპზე მათ შორის მხოლოდ ერთი სერტიფიცირებული ქალი ტექნიკოსია, რომელსაც შესაბამისი მოწმობა 2024 წელს მიენიჭა.
თავის მხრივ, ავიასაწარმოებისა და ავიასპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის პროცესში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 35 ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორია ჩართული, მათ შორის 8 ინსპექტორი ქალია (23%). რაც შეეხება გენდერული თანაფარდობის საერთო მაჩვენებელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, დღეის მდგომარეობით 81 დასაქმებულიდან 35 ქალია (43%).
„მოხარულნი ვართ, რომ სამოქალაქო ავიაციის სფეროს ზრდისა და განვითარების კვალდაკვალ, იზრდება ამ სფეროში დასაქმებული ქალების რიცხვი. ქალთა ჩართულობა ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფის, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უფრო ძლიერს და წარმატებულს ხდის ჩვენს დარგს. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქალთა შესაძლებლობების რეალიზაციის და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობადობის ამაღლების საკითხი მუდმივად იდგეს სააგენტოს და საავიაციო ინდუსტრიის დღის წესრიგში. საავიაციო სექტორში დასაქმებულ ყველა ქალს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ წინსვლას და პროფესიულ წარმატებებს!“ – გივი დავითაშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი.