2020 წელს 2019 წელთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 22%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 19 266,220 ტონა შეადგინა, 2019 წელს კი 24 800,741 ტონა. შესაბამისად ტვირთბრუნვა 22.32%-ითაა შემცირებული. 2020 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წელს გატარებული ტვირთნაკადი 24,31%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებლებზე. 2018 წელს აეროპორტმა 25 454,827 ტონა ტვირთი გაატარა.
აღსანიშნავია, რომ საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლის შემცირება უმეტესწილად COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციებს უკავშირდება. 2020 წლის მარტიდან საქართველომ რეგულარული რეისები შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საჰაერო გზით სატვირთო გადაზიდვები არ შეუჩერებია, ტვირთების გარკვეული ნაწილის ტრანსპორტირება რეგულარული რეისებით ხდება და შესაბამისად ფრენების შეჩერებამ ტვირთნაკადზეც ნეგატიურად იმოქმედა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
2020 წელს კი საქართველოს ავიაბაზარზე ჩარტერული და რეგულარული რეისებით, სხვადასხვა მიმართულებებზე, კარგო ტვირთებს ემსახურებოდნენ: Geo Sky, Easy Charter, Turkish Cargo, Cargolux, Silk Way და TCA.