The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით, საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის (MRO) განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მინდინარეობს. კვლევის ინიციატორია სააგენტო აწარმოე საქართველოში და მასში აქტიურად არის ჩართული საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად.
ამერიკულმა მხარემ სამუშაო შეხვედრები ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევასთან დაკავშირებით უკვე გამართა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა ამერიკულ ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ს ადგილზე დაათვალიერებინეს ის შესაძლო ლოკაციები, სადაც სამომავლოდ, ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში შესაძლოა საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი (MRO) განთავსდეს. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, მსგავსი მიზანშეწონილობის კვლევის არსებობა აეროპორტებს დაეხმარება დაინტერესებულ პირებთან უფრო გამარტივებულად ითანამშრომლონ.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენი და USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მიმდინარე პროექტი გულისხმობს რამდენად მოითხოვს ბაზარი საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის არსებობას თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში. ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ გაგვიმარტივდება ურთიერთობა იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ტექნიკური მომსახურების საწარმოს მშენებლობით იქნებიან დაინტერესებული. მათ მივაწოდებთ გამზადებულ კვლევას და ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რამდენად დიდია საქართველოს პოტენციალი ამ მიმართულებით და, ზოგადად დგას თუ არა მსგავსი სახის მომსახურება დღის წესრიგში,-” აცხადებს თამარ არჩუაძე.
MRO-ს მიზანშეწონილობის კვლევაზე მუშაობა ზაფხულის ბოლოს დასრულდება და ის ამ მიმართულებით საქართველოს აეროპორტების პოტენციალის დეტალურ ანალიზს მოიცავს.