საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოში ტურისტები დაცულები არიან, ეს განცხადება მაია ომიაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოეწყო.
„საქართველო ნამდვილად უსაფრთხო ქვეყანაა და ამაზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო პოზიციონირებულია, როგორც დანიშნულების ადგილი სადაც უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა დაცული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკუთარ კამპანიებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზავნილს იყენებს, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა და საერთაშორისო და ადგილობრივ მოგზაურებს დასვენებისას შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და შეაგროვონ პოზიტიური ემოციები და ისე დაბრუნდნენ სახლში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეორგოლის მიზანს წარმოადგენს საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს უსაფრთხო ქვეყნად, როგორც უცხოელი ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.