ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი აგროდრონი დაარეგისტრირა.
DJI Agras MG-1P (Octocopter) ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი კომპანია “აგრიკოპტერია”, რომელიც თავის მხრივ Copter • კოპტერის სტარტაპ გაერთიანებაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 24,8 კგ-ს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 15 მ/წმ-ს, ხოლო ფრენის ზღვრული სიმაღლე – ზღვის დონიდან 2000 მეტრს შეადგენს. აგროდრონი აღჭურვილია ჩამოვარდნისგან თავდაცვის, მაღალი სიზუსტის რელიეფის ამომცნობი რადარის მოდულის, საფრქვევი და შესაწამლი სისტემებით.
აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენება შესაძლებელია საჰაერო შეწამვლის, თხევადი სასუქის გაფრქვევის და საჰაერო თესვის განხორციელებისთვის, ამასთან სპეციალური სენსორის საშუალებით, დრონს შეუძლია გადაიღოს სპექტრული სურათები, რაც მიწის და მცენარეთა სტრუქტურის ანალიზის და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
პირველ რეგისტრირებულ აგროდრონს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი GE-002 მიენიჭა. 2018 წელს სააგენტომ მრავალფუნქციური დანიშნულების
DJI Hexa Copter Matrice 600 (GE-001) დაარეგისტრირა, რომელიც ძირითადად პროფესიული საჰაერო ფოტოგადაღებისთვის გამოიყენება.
შეგახსენებთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას.