საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სასწავლო ცენტრის გახსნის შესაძლებლობის განხილვის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და IATA-სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა IATA-ს მხრიდან რეგიონის მიმართ გამოჩენილ ინტერესზე და პროფესიული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. მსოფლიოში, მათ შორის საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკის და ავიასპეციალისტების დეფიციტურობის გათვალისწინებით, ხაზი გაესვა რეგიონალური სასწავლო ცენტრის დაარსების აუცილებლობას და აღნიშნული პროექტის განხორციელების დადებით ეფექტს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა IATA-ს წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა წინასწარი ანალიზის მომზადების და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი სასწავლო კურსების აღიარების პროცესში. როგორც ლევან კარანაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საერთაშორისო დონეზე აღიარებული მიზნობრივი სასწავლო კურსების ადგილზე გავლის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაუადვილებს ინდუსტრიას და საზედამხედველო უწყებას სავალდებულო მომზადება-გადამზადების პროგრამების დაგეგმვის პროცესს და დადებითად აისახება ავიასპეციალისტების პროფესიული განვითარების ხარისხზე. ამასთან, სააგენტოს დირექტორის თქმით, IATA-ს სასწავლო ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ავიაციის სფეროთი დაინტერესებას და სამომავლოდ, აღნიშნულ დარგში მათ დასაქმებას.
IATA-ს წარმომადგენლების ვიზიტი გრძელდება. სტუმრები საქართველოში „საქაერონავიგაციის“ მოწვევით იმყოფებიან და შეხვედრებს საავიაციო სასწავლო დაწესებულებებისა და ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებთან მართავენ.