საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესში შესული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის თებერვლიდან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეიცვალა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების/შეგირდების მოწმობების გაცემის სტანდარტი. ცვლილება განხორციელდა ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო სივრცეში საავიაციო უსაფრთხოების დონის შემდგომ ამაღლებას, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და თავსებადობას ევროკავშირის მოთხოვნებთან.

ახალი ფორმატით გაცემული მოწმობა ინგლისური ენის ფლობის დონის დაშვების ვადის გაგრძელების ფარგლებში პირველად ნინო გიორგაძეს მიენიჭა, რომელსაც “საქაერონავიგაციაში“ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. ნინო გიორგაძე ფლობს თბილისის და ბათუმის სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტზე დაშვებებს და სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის დაშვებას. მოწმობა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გადასცა.

საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის გაცემის ახალი სტანდარტი, ისევე როგორც სააგენტო მიერ მიღებული შესაბამისი წესი ეფუძნება ევროკომისიის (EU) 2015/340 რეგულაციას, რომელიც განსაზღვრავს მეთვალყურეთა მომზადების, სერტიფიცირებისა და სამედიცინო ვარგისიანობის წესებს. ცვლილების ამოქმედებით, შეიცვალა მოწმობის შინაარსობრივი და ტექნიკური მხარე. ახლებულად მოწესრიგდა მეთვალყურეთა უფლებამოსილების/დაშვების მინიჭების, კომპეტენციის შენარჩუნების, ინგლისური ენის ცოდნის დონის და ვადიანობის კონტროლის საკითხები.

შედეგად, საქართველოში გაცემული მოწმობა სრულად თავსებადი გახდა ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაცემულ შესაბამის მოწმობებთან, რაც ხელს შეუწყობს სააერნაოსნო მომსახურების სფეროში პროცესების სინქრონიზაციას, ევროპის ერთიან საჰაერო სივრცესთან შემდგომ ინტეგრაციას, მოწმობების ორმხრივ აღიარებასა და ქვეყანაში ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. მოწმობების გაცემის პროცესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, უწყების შიგნით შემუშავდა ავიამეთვალყურეთა სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა (ბაზა), ასევე ახლო მომავალში იგეგმება მოწმობების გაციფრულება, რაც გააუმჯობესებს მონაცემთა ადმინისტრირების და გაწეული მომსახურების ხარისხს.