საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) საავიაციო უშიშროების სემინარსა და ამავე ორგანიზაციის საავიაციო უშიშროების ფორუმის რიგით 47-ე შეხვედრას უმასპინძლა.
ECAC-ის სემინარი მისასალმებელი სიტყვით სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ევროპის რეგიონის ოცზე მეტი სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა.
საქართველოში გამართული შეხვედრების დღის წესრიგის მთავარ საკითხს საავიაციო უშიშროების სფეროში ახალი და განვითარებადი საფრთხეების მართვა იყო. მონაწილეები გაეცნენ წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების და მათი პრევენციის კუთხით. მათ შორის, განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა – კიბერ-საფრთხეები, უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გამოყენება, ასაფეთქებელი და აალებადი მოწყობილობების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. სემინარზე ასევე ყურადღება გამახვილდა ახალი ტექნოლოგიების, სხვადასხვა ინოვაციური გადაწყვეტების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე უსაფრთხოებისა და უშიშროების ზომების გაძლიერების მიზნით.
საფრთხეების პრევენციის მიზნით დანერგილ შემარბილებელ ღონისძიებებზე და რეალურ პირობებში სისტემის შემოწმების საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა კერესელიძემ, რომელიც ამავე დროს ECAC-ის სპეციალიზებული ორგანოს – საავიაციო უშიშროების შემოწმების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეა.
სამუშაო სესიებზე განხილული პრაქტიკული გადაწყვეტილებები სექტორში მომუშავე ექსპერტებს დაეხმარება არა მხოლოდ რეაგირების გზების განსაზღვრისა და უზრუნველყოფის, არამედ პოტენციური ინციდენტების საწყის ეტაპზე მართვისა და პრევენციის პროცესში.