საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ი, რომელიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა, ავიაკომპანიის დაფუძნებასაც გეგმავს. ავიაკომპანიის შექმნისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვაზე Aero Georgia Group-ი მოლაპარაკებებს ევროპელ ინვესტორთან უკვე აწარმოებს. ახალ ქართულ ავიაკომპანიას Aero Georgia ერქმევა.
„ერთ-ერთი პროექტი, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ ეს არის ახალი ავიაკომპანიის შექმნა. შესაძლო ინვესტორთან უკვე ინტენსიურ მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებთ. ავიაკომპანია იქნება სამგზავრო, თუმცა ბიზნესმოდელზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს იქნება Full Service-ს მქონე ავიაკომპანია, low-cost airline, შერეული თუ ჩარტერებზე ორიენტირებული, ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია. ავიაკომპანიას დიდი ალბათობით Aero Georgia ერქმევა.
სასიხარულოა, რომ ინვესტორი არის ევროპიდან და რაც მთავარია ავიაციის სფეროდან“, აცხადებს Aero Georgia Group-ის დირექტორი იგორ აფციაური.