საქართველოსა და თურქმენეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს, რასაც თავს მხრივ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდაზე იქნება დამოკიდებული.

აშხაბადში მიმდინარე თურქმენეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქმენეთის რიგ სამთავრობო სტრუქტურებში: ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში და სავაჭრო – სამრეწველო პალატაში.

ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტში შეხვედრისას აღინიშნა, რომ ტურისტებისათვის მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს „დიდი აბრეშუმის გზის” გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და თურქმენეთში კომპლექსური ტურების გამართვა. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის გაზრდას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემდა თბილისსა და აშხაბადს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება. ქართულმა მხარემ გამოხატა სრული მზადყოფნა, რომ საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოცდილება გაუზიაროს თურქმენულ მხარეს.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია Turkmenistan Airlines-ი აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის მიმართულებით, 2016 წლის სექტემბრიდან რეგურალური ფრენების დაწყებას გეგმავდა.
2016 წლის 4 ივლისს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მიზანს, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენდა. მოლაპარაკებების გამართვაზე გადაწყვეტილება საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომის (2014 წლის 27-28 ნოემბერი) ფარგლებში იქნა მიღებული. საავიაციო უწყებებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „თურქმენეთის ავიახაზების“ (Türkmenhowaýollary) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის დაწყების თაობაზე. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თურქმენული მხარე აშხაბადი – თბილისის რეისების შესრულების შესაძლებლობას 2016 წლის 17 სექტემბრიდან განიხილავდა – მას შემდეგ რაც აშხაბადის ახალი საერთაშორისო აეროპორტი საზეიმოდ გაიხსნებოდა.
შეგახსენებთ, რომ Turkmenistan Airlines-ი 1992 წელს დაფუძნდა და დღეისათვის რეგულარულ რეისებს 11 ქვეყნის 15 სხვადასხვა ქალაქში ახორციელებს. ავიაკომპანიის მფლობელობაში 30-მდე სხვადასხვა ტიპის ავიახომალდი შედის.