საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი დეპარტამენტი (DGAC) ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამას 4 წლის ვადით გაახანგრძლივებენ.
აღნიშნული პროგრამა 2014 წელს გაფორმებული პროგრამის გაგრძელებაა. გასული პერიოდის განმავლობაში, პროგრამამ მრავალ ქართველ საჰაერო მეთვალყურესა და სამოქალაქო ავიაციის ქართველ ექსპერტს საშუალება მისცა, საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სკოლაში (ENAC) მიეღოთ განათლება.
„ამ თანამშრომლობის განახლება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, სამოქალაქო ავიაციის ჩვენ ორ სტრუქტურას შორის ნაყოფიერი ურთიერთობა გავაგრძელოთ საჰაერო ტრანსპორტის ყველა აქტუალურ საკითხზე : მიმოსვლის ზრდა, საავიაციო საიმედოობა და უსაფრთხოება, საჰაერო მიმოსვლის მართვა, გარემოსდაცვითი გამოწვევები მაგალითად“, აცხადებს DGAC-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელი ბერტრან დე ლაკომბი.
„ეს თანამშრომლობა საავიაციო დარგში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ხარისხის მაჩვენებელია. საფრანგეთი მოწინავე ქვეყანაა საავიაციო სფეროში და ამ სექტორის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, Airbus-ის, Thales-ისა და MeteoFrance-ის, ასევე პილოტაჟისა და საავიაციო ინჟინერიის უმაღლესი სკოლების წყალობით. საქართველოში DGAC-ის ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირისა და საქართველოს აეროპორტებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდასთან მიმართებაში, რაც განპირობებულია ქვეყანაში ტურიზმის მიმდინარე აღმავლობით“, აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.
გარდა ამისა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (GAU) და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სკოლა (ENAC) გეგმავენ თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას. ENAC ევროკომისიას წარუდგენს კანდიდატურას ERASMUS+ გრანტის მოსაპოვებლად, რათა ორ დაწესებულებას შორის სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამა დააფინანსოს.
საფრანგეთი საავიაციო სწავლების სფეროში მსოფლიოს თვალსაჩინო ცენტრია. საავიაციო დარგის მრავალმა ქართველმა პროფესიონალმა უკვე მიიღო განათლება საფრანგეთის სპეციალიზებულ საინჟინრო დაწესებულებებში, როგორებიცაა l’ENAC, ISAE-Supaéro, ESTACA და სხვა.