საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაკსატ მამიტკანოვს შეხვდნენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები (საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ფრენები ხანმოკლე დროით, 2021 წლის ზაფხულში, ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკის საჰაერო ხაზზე სრულდებოდა).
გივი დავითაშვილმა და ლევან მოსეშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის ელჩს გააცნეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე, ქვეყანაში დაგეგმილი ის ინფრასტრუქტურული პროექტები თუ საავიაციო სატნდარტების გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დარგის საოპერაციო შესაძლებლობების გაძლიერებას. ელჩთან საუბრისას, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც ყირგიზეთის რესპუბლიკის საერჩოსთან, ისე შესაბამის საავიაციო უწყებასთან და დაინტერესებულ ავიაკომპანიებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესის ხელშეყობის მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში, ყირგიზეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, წლების განმავლობაში გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის, რაც ითვალისწინებდა სამუშაო და სასწავლო ვიზიტებს ყირგიზეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარების და მათი კომპეტენციების გაძლიერების მიზნით. როგორც გივი დავითაშვილმა აღნიშნა, სააგენტო მზადაა მომავალშიც ხელი შეუწყოს საავიაციო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.












