ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი დარწმუნებულია, რომ  საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება. როგორც რან გიდორიმ AviaNews-თან საუბრისას განაცხადა, პირდაპირი რეისების აღდგენასთან დაკავშირებით წინაღობები აღარ არსებობს. ელჩი ამბობს, რომ საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე ისრაელის მოქალაქეებს შორის დიდი მოთხოვნაა.

“საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ორ ქვეყანას შორის აღარ არსებობს დაბრკოლება პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით. ამასთან ისრაელის ვიზიტორებს საშუალება აქვთ საქართველოში 1-ელი თებერვლის შემდეგ ჩამოვიდნენ ნეგატიურ COVID-19-ის ტესტის, ან ვაქცინაციის სერტიფიკატის საფუძველზე.

ამჟამად თელ ავივის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო ფრენების უმრავლესობისთვის დახურულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ თებერვლის ბოლომდე ოპერირება განაახლოს.

არსებობს საკმაოდ დიდი მოთხოვნა საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით ისრაელს მოქალაქეებს შორის. 2019 წელს ისრაელის 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ განახორციელა ვიზიტი და კვირაში არანაკლებ 48 ფრენა სრულდებოდა.

ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ისრაელის ავიაკომპანიები ძალიან მალე დაიწყებენ ოპერირებას”, – განუცხადა ელჩმა AviaNews-ს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელს ლევან შორის შეხვედრა დღეს შედგა.