საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ე.წ. “მწვანე ზონის” ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისათვის საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შექმნილი ეკონომიკის პოსტ-ვირუსული მდგომარეობიდან გამომდინარე მრავალი ბიზნეს სუბიექტი ძლიერ დაზიანდა.
“ეს განსაკუთრებით დაეტყო ტურიზმის ინდუსტრიას. არსებული ვითარებაში გარდატეხის შეტანა შესაძლებელია მკვეთრი ცვლილებებით. შესაბამისად “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი” გამოხატავს ალიანსში წარმოდგენილი წევრების პოზიციებს და ბიზნეს საქმიანობების ამოქმედების მიზნით იზიარებს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის 17 სექტემბერს დაგეგმილ აქციას და მის მთავარ მოთხოვნებს:
✔ აღდგეს რეგულარული ფრენები ე.წ. “მწვანე ზონის” ქვეყნებთან;
✔ საქართველოს მოქალაქეებისათვის მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები და მის მაგივრად დაინერგოს PCR ტესტების პრაქტიკა;
ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის ეს პოზიცია ადეკვატურად იქნება აღქმული სახელმწიფოს მიერ, რაც მოგვცემს საშუალებას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ერთობლივი ძალებით უკეთესობისკენ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა”, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებაში.