„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. 2022 წლის იანვარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტები 53 პროცენტით აღდგა. ყველა ის ღონისძიება – მარკეტინგული კამპანია თუ აქტივობა, რასაც საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად არაერთ სტრატეგიულ, სამიზნე ქვეყანაში ახორციელებდა და ახორციელებს, პირდაპირპროპორციულად აისახება იმ წარმატებულ შედეგებზე, რომლებსაც დღეს ვხედავთ ტურიზმის აღდგენის დინამიკაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საქართველოს 199,393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემის 38%-იანი აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 471 % შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობას, მიმდინარე წლის იანვარში მან 163,615-ს შეადგინა – ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 53%-ით აღდგა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ 456 % შეადგინა.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.