საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში „ATM Dubai 2023“ მონაწილეობს. ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 52 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. „ATM Dubai 2023“-ის გამოფენაში მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და თბილისის მერია. გამოფენას ესწრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
„საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო მონაწილეობას იღებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს საქართველოს სტენდს. დარწმუნებული ვარ ეს გამოფენა იქნება მორიგი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ცნობადობა უფრო გაიზრდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ეს დადებითად აისახება რეგიონიდან ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების ზრდაზე“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების უმსხვილეს ტურისტულ და ავიაკომპანიებთან. შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობს „ATM Dubai 2023“-ის გამოფენაზე. ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება ჩვენთან ერთად. საქართველოს სტენდის მიმართ ძალიან დიდია ინტერესი. სპარსეთის ყურის ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენენ და შესაბამისად წელს, ზაფხულში, ჩვენ ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით საქართველოში,“-აცხადებს მაია ომიაძე.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში კერძო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო მერკური თბილისისა და IBIS Styles-ის წარმომადგენელი მაკა ცხომელიძე.
„კერძო სექტორი მონაწილეობას ვიღებთ „ATM Dubai 2023“-ის ტურისტულ გამოფენაზე, სადაც საკმაოდ დიდი დაინტერესებაა საქართველოს მიმართებით. დიდ იმედს ვამყარებთ, ეს გამოფენა გაზრდის ჩვენი ქვეყნის პოპულარობას და გაზრდის ტურისტული პროდუქტების ცნობადობას. ვიმედოვნებთ, ბევრი სტუმარი გვეყოლება ახლო აღმოსავლეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და საუდის არაბეთიდან“,-ამბობს მაკა ცხომელიძე.
გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური სტენდი, სადაც დამთვალიერებლებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 150-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.