ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე ტურიზმის მსოფლიო სამიტი „Future of Tourism“ დღეს ოფიციალურად დასრულდა.

საერთაშორისო სამიტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენდნენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სამიტის ფარგლებში მაღალი დონის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილმა სფეროს წარმომადგენლებს “განახლებული რეგიონების” პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ნომერი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი არის დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ესპანეთში, სადაც საქართველო მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ტურიზმის სამიტზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეცნო სხვა დელეგატებისთვის საქართველოს წარმატებული პრაქტიკა კოვიდის რეალობაში, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკის შესახებ, გარდა ამისა ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტზე, რაც შეეხება სამუშაო ადგილების სწრაფ აღდგენას და ახალი სამუშაო ადგილების ხელშეწყობას, ტურიზმის ინდუსტრიაში განათლების ხელშეწყობას და ამავდროულად ჩვენ ვისარგებლეთ შესაძლებლობით და ესპანეთში ყოფნით და გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები მადრიდთან“.-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები იყო არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც სრულიად შეიცვალა პოტენციური ტურისტის ქცევა, როგორ მოვახდინოთ ტურისტულად წამყვანმა ქვეყნებმა ახალი ტურისტული პროდუქტის ფორმირება და ქვეყნისთვის შეთავაზება, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლების კომპონენტზე, ახალი სამუშაო ძალის შექმნაზე, ასევე კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის ფორმირებაზე“.-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი

ესპანეთში მიმდინარე სამიტში „Future of Tourism World Summit“ მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი – ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენელი მონაწილეობდა.