საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ წელს საქმიანი ტურიზმის 17 საერთაშორისო გამოფენასა და „როუდ შოუში“ მიიღო მონაწილეობა. საკონვენციო ბიურო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ისრაელში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა. საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციებს საერთაშორისო წამყვანი კომპანიების ასობით წარმომადგენელი დაესწრო. გაიმართა ორმხრივი B2B შეხვედრები ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის.
ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურომ წევრი კომპანიებისთვის ტრენინგები გამართა. სემინარებს საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგებს 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. წელსვე საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსა და BOARDROOM-ის თანამშრომლობით სტატია მომზადდა. სტატიაში აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი ზომის კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი.