საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის მიზანს, სამოქალაქო ავიაციის დარგის რეგულირების და ზედამხედველობის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ინსტიტუციურად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა წარმოადგენდა. ამასთან, საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე პასუხიმგებელი უწყების დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბება იყო როგორც სამოქალაქოა ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ისე ევროპის კომისიის რეკომენდაცია.
ჩვენს განვლილ საქმიანობას და მიღწევებს ყველაზე თვალნათლივ საერთაშორისო აუდიტები წარმოაჩენს. სააგენტოს შექმნის პერიოდისთვის (2011წ.), საქართველოს საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მხოლოდ 32.66%-ს შეადგენდა. 2013 წლის ICAO-ს აუდიტის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 56.07%-მდე გაიზარდა. 2016 წლის აუდიტის ფარგლებში, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.76%-იანი შედეგი აჩვენა. ბოლო, 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა, რითაც ქვეყანა როგორც ევროპის რეგიონში, ისე მსოფლიოში წამყვან პოზიციებზე აღმოჩნდა.
ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასთან და ა.შ. დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოს, ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანმხების (CAA-A)” ფარგლებში, უკვე სრულად დაინერგა მგზავრთა უფლებების დაცვის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების (ევროკავშირის SAFA-ს პროგრამა), ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები.
სააგენტო აქტიურ როლს ასრულებს საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური პოლიტიკის გატარებაში. საავიაციო ბაზარზე დაშვების გამარტივებული პროცედურები დადებითად მოქმედებს ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარებაზე და ახალი ავიკომპანიების მოზიდვის პროცესზე.
სააგენტო აგრძელებს საავიაციო სფეროს რეგულირებისა და ზედამხედველობის არსებული სტანდარტების გაუმჯობესებას. მიღწეული შედეგებისათვის და გაწეული შრომისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მადლობას უხდის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, აგრეთვე ყველა იმ სპეციალისტს ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან, დარგის შემდგომი განვითარების საკეთილდღეოდ.