საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 8.18 %-ით გაიზარდა.
2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 114 711 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 078 ფრენით და 8,18%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
2018 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 78 774 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 389 ფრენით, ანუ 3.1% -ით მეტია.
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა – დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 9 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორი ადგილობრივ აეროპორტში 35 937 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 689 ფრენით, ანუ 18.8%-ითაა გაზრდილი.
უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში შეადგენს 31 547 509 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 214 081 კმ-ით და 0.7%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე;
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ.
საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKRAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.