2024 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 %-ით არის გაზრდილი. სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. შპს “საქაერონავიგაცია” მიმდინარე წლის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებულ 299 023 ფრენას მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 66 532 ფრენით და 29 %-ით აღემატება. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს როგორც საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის, ასევე საქართველოს საჰაერო სივრცის ტრანზიტულად გამოყენების რაოდენობას.
2024 წლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 234 292 ტრანზიტული ფრენა, რაც 53 514 ფრენით და 30 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გაზრდილია საქართველოს აეროპორტებში აფრენა – დაფრენის რაოდენობაც. 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის მაჩვენებელი 64 731 ფრენას შეადგენს და წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 13 018 ფრენით და 25 %-ით არის გაზრდილი.
ზრდაა საქართველოს აეროპორტების მიხედვითაც. მიმდინარე წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 45 597 აფრენა-დაფრენა შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 407 ფრენით და 30 %-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 8 140 აფრენა-დაფრენა შესრულდა, რაც გასულ წელთან შედარებით 2 457 ფრენით და 43 %-ით არის გაზრდილი. საქაერონავიგაცია 2024 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 10 070 ფრენას მოემსახურა, რაც 1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC. (28 535), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL (13219), DEUTSCHE LUFTANSA (9 064), SINGAPORE AIRLINES Ltd (8 218) და KOREAN AIRLINES CO. LTD (7 832) იყენებენ, საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2024 წელს ისევ WIZZ AIR HUNGARY KFT( 6 434), GEORGIAN AIRWAYS (5 258), TURKISH AIRLINES INC. (3 925), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL (3 847) და PEGASUS AIRLINES (3 243) დაფიქსირდნენ.
მთავარი ავიაკომპანიები საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად Turkish Airlines-ი იყენებს