საქართველოს საავიაციო სექტორი პანდემიამდე არსებულ ნიშნულს სწრაფი ტემპებით უბრუნდება. “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 10,591 ფრენა შესრულდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 80%, ხოლო 2020 წლის ივლისთან შედარებით 183%-ით მეტია.
ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 6,457 ტრანზიტული ფრენა განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის დაახლოებით 77% და 2020 წლის მაჩვენებელზე 114%-ით მეტია. 
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებში განხორციელებულ ფრენებს, მიმდინარე წლის ივლისში 4,134 ფრენა განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 84%-ია, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდზე 469%-ით მეტი.
“ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, განახლდა მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, ახალი მიმართულებების დამატებისა და სიხშირეების ზრდასთან დაკავშრებით. სახელმწიფოს მხარდაჭერის შესაბამისად, საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა მზარდი და იმედის მომცემია”, განმარტავენ “საქაერონავიგაციაში”.