2021 წლის მარტში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky ლიდერობს.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის მარტში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი 41 რეისი Geo Sky-მ შეასრულა.

სატვირთო რეისების განხორციელების მხრივ მეორე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ი. ავიაკომპანიამ მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20 რეისი შეასრულა.

მესამე პოზიციაზე კი ბელორუსული ავიაკომპანია Rubystar Airways-ია, რომელმაც 17 რეისი შეასრულა.

(თუმცა Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს)

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეოთხე ადგილზეა Turkish Cargo. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 რეისი განახორციელა.

უნგრულმა სატვირთო ავიაკომპანიამ Fleet Air International-მა მარტში თბილისის აეროპორტში 10 ფრენა შეასრულა. 

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 38%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 705,351 ტონა შეადგინა, 2020 წლის მარტში კი 1 235,547 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 38,02%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის მარტში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით 16,86%-ითაა შემცირებული. 2019 წლის მარტში აეროპორტმა 2 051,226 ტონა ტვირთი გაატარა.