2022 წლის მაისის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი კვლავ ქართული ავიაკომპანია Georgian Airlines-ია.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის მაისის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 57 სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო კომპანია Geo Sky, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 52 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ასევე ქართული სატვირთო ავიაკომპანია Myway Airlines-ია, რომელმაც მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე 9 შესრულებული რეისით  თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებული რეისებით TOP-5-შია და 7 შესრულებული რეისით მეხუთე პოზიციაზეა უნგრული სატვირთო ავიაკომპანია Fleet Air International-ი.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.